მურთაზ ხურცილავა, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ჩივაძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, რამაზ შენგელია
Aa
Aa

გამოსწორებული შეცდომა, პირველი ყვითელი და კაპიტნები - ქართველები მუნდიალზე

ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა ერთი ოცნება უკვე აიხდინა და 2024 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იხილა, ახლა კი ყველა იმის მოლოდინში ვართ, როდის მოიპოვებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს. ხვალ სტარტს რიგით 23-ე მუნდიალი აიღებს, რომელიც ამჯერადაც უჩვენოდ ჩაივლის და სანამ ოცნებას ავისრულებდეთ, სჯობს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლოთ იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში ასპარეზობის დროს, საკუთარი კვალი პლანეტის სხვადასხვა პირველობებზე დატოვეს.

რთული სათქმელია, მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიდან, საცხოვრებელი ადგილიდან და შეხედულებიდან გამომდინარე ანზორ კავაზაშვილი ქართველ ფეხბურთელად უნდა ჩაითვალოს თუ არა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გამოცემა მას ქართველად მიიჩნევს და მისი ჩათვლით მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა თოთხმეტ ქართველს აქვს მიღებული. 1962 წლიდან 1986 წლამდე პერიოდში მუნდიალზე სერგო კოტრიკაძემ, გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა, მიხეილ მესხმა, მურთაზ ხურცილავამ, ანზორ კავაზაშვილმა, გიორგი სიჭინავამ, კახი ასათიანმა, გივი ნოდიამ, რევაზ ძოძუაშვილმა, თენგიზ სულაქველიძემ, ვიტალი დარასელიამ, ალექსანდრე ჩივაძემ და რამაზ შენგელიამ მიიღეს. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ორმა მათგანმა, ხურცილავამ და ჩივაძემ კაპიტნის სამკლავურიც მოიგეს, რაც ქართველისთვის იმ პერიოდში რამდენად რთულად მისაღწევი იყო, ამაზე საუბარი ზედმეტია.

პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა იასპარეზეს, 1962 წელს ჩილეში გაიმართა. შესარჩევ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ნორვეგიელებსა და თურქებს აჯობა, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა კი სკანდინავიელებს გოლები როგორც სტუმრად, ასევე საკუთარ სტადიონზე გაუტანეს. მუნდიალზე სსრკ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ოთხი ქართველი წაიყვანა - თბილისის „დინამოელები“ სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი, რომელიც მოსკოვის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. ამ ოთხი ფეხბურთელიდან სამი, მეტრეველი, მესხი და ჩოხელი მუნდიალზე ევროპის ჩემპიონების სტატუსით გაემგზავრნენ. პირველ ტურში კაჩალინის მომზადებულმა გუნდმა იუგოსლავია 2:0 დაამარცხა და როგორც მესხმა, ასევე მეტრეველმა სრულად ითამაშა. ამას მოჰყვა მეორე ტურში კოლუმბიასთან ფრედ 4:4 დამთავრებული თამაში, სადაც უკვე მესხმა და ჩოხელმა იასპარეზეს, ხოლო მეტრეველმა თადარიგში გადაინაცვლა, ბოლო ტურში ურუგვაისთან (2:1) კი ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ ჩოხელი იყო. მეოთხედფინალში, სადაც მესხი და ჩოხელი ასპარეზობდნენ, მასპინძელ ჩილესთან საბჭოთა კავშირის ნაკრები 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე პლეი ოფში ლევ იაშინმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, თუმცა მიუხედავად ამისა, სერგო კოტრიკაძეს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისთვის საუკეთესოდ ითვლება, რადგან გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. შესარჩევ ეტაპზე, სადაც ნიკოლაი მოროზოვის ხელმძღვანელობით სსრკ-მ საბერძნეთს, დანიასა და უელსს აჯობა, სლავა მეტრეველმა, მიხეილ მესხმა, მურთაზ ხურცილავამ, ვლადიმერ ბარქაიამ და გიორგი სიჭინავამ იასპარეზეს, ფინალურ ეტაპზე კი მწვრთნელმა მეტრეველი, ხურცილავა და სიჭინავა წაიყვანა, რომელთაც ანზორ კავაზაშვილიც დაემატა. საბჭოელებმა მუნდიალი ჩრდილოეთ კორეის (3:0) განადგურებით დაიწყეს და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი კავაზაშვილმა, ხურცილავამ და სიჭინავამ შეიტანეს, რომელთაც სრულად ითამაშეს. იტალიასთან (1:0) მოგებულ მატჩში ქართველებიდან მხოლოდ ხურცილავა იყო მოედანზე, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა, ჯგუფური ეტაპი კი მოროზოვის გუნდმა ჩილეს (2:1) ძლევით დაასრულა და მან ნდობა ხურცილავას გარდა, სლავა მეტრეველსაც გამოუცხადა. მეოთხედფინალში უნგრეთთან (2:1) და ნახევარფინალში გფრ-სთან (1:2) ქართველები არ გამოჩენილან, მესამე ადგილისთვის მატჩში კი გიორგი სიჭინავასა და სლავა მეტრეველის გარდა, ძირითადში მურთაზ ხურცილავაც გახლდათ, რომელმაც თამაშამდე სიზმარში ნახა, რომ პენალტი აიკიდა, რაც სამწუხაროდ აუხდა და მსაჯმა ლამის ორი მეტრი სიმაღლის მქონე ტორესის წინააღმდეგ თამაშის დროს დააჯარიმა.

1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენთვის უდავოდ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო - გარდა იმისა ამდენ ქართველს არც მანამდე და არც ამის შემდეგ არც ერთ მუნდიალზე არ უასპარეზია, კახი ასათიანი ისტორიაში სხვა კუთხითაც შევიდა. მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა განაცხადში ასათიანის გარდა, თბილისის „დინამოს“ კიდევ ოთხი ფეხბურთელი, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია შეიყვანა. ყვითელი და წითელი ბარათები ფეხბურთში პირველად სწორედ ამ ტურნირის წინ დამტკიცდა და მექსიკა-საბჭოთა კავშირის გახსნით მატჩში პირველი ფეხბურთელი, რომელიც გააფრთხილეს, კახი ასათიანი იყო, ზუსტად ერთ წუთში კი ყვითელი ბარათი გივი ნოდიამაც მიიღო. კახის გულშემატკივრისთვის თავი მხოლოდ ამით არ დაუმახსოვრებია - ბელგიასთან (4:1) მოგებულ შეხვედრაში ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. კაჩალინის მომზადებული სსრკ-ის ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალში ურუგვაისთან (0:1) დამატებით დროში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

1974 და 1978 წლების მუნდიალზე საბჭოთა კავშირის ნაკრებს არ უასპარეზია, 1982 წლის ჩემპიონატის საგზური კი გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხოსლოვაკიის, უელსის და თურქეთის ნაკრებთან ბრძოლაში მოიპოვა, რაშიც საკუთარი წვლილი რამაზ შენგელიამ (4 გოლი), ვიტალი დარასელიამ (1 გოლი), ალექსანდრე ჩივაძემ (1 გოლი), თენგიზ სულაქველიძემ, დავით ყიფიანმა და ვლადიმერ გუცაევმაც შეიტანეს. ამ ექვსი ფეხბურთელიდან კონსტანტინ ბესკოვმა ესპანეთში გამართულ პლანეტის პირველობაზე მხოლოდ ოთხი წაიყვანა, გუცაევი და ყიფიანი კი მუნდიალს მიღმა დატოვა, რითაც ყველა შოკში ჩააგდო. პირველ ტურში საბჭოელები ბრაზილიასთან 1:2 დამარცხდნენ და ალექსანდრე ჩივაძის გარდა, ყველა ქართველი სასტარტოში იყო. შენგელიამ გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩათვალეს და ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდა, რომელიც არბიტრმა არ დანიშნა. ახალ ზელანდიასთან (3:0) მოგებული შეხვედრა ჩივაძეს არასოდეს დაავიწყდება, რადგან მუნდიალზე ნაკრებს უკაპიტნა და სულაქველიძე - დარასელია-შენგელიას ტრიოც ძირითადში იყო. რაც შეეხება შოტლანდიასთან (2:2) მატჩს, ჩვენთვის უდავოდ ყველაზე კარგი მოსაგონარია, რადგან სსრკ-ის ნაკრებში ჯერ ალექსანდრე ჩივაძემ, შემდეგ კი რამაზ შენგელიამ გაიტანა. კაპიტანმა მანამდე შეცდომა დაუშვა და შეტევაში ჩართულმა წონასწორობა აღადგინა. ამას მოჰყვა მეორე ჯგუფური ეტაპი, სადაც პირველი ადგილისთვის ბრძოლაში საბჭოელები პოლონებთან კონკურენციაში დამარცხდნენ.

რაც შეეხება 1986 წლის მსოფლიოს პირველობას, ედუარდ მალოფეევის ნაცვლად დანიშნულმა ვალერი ლობანოვსკიმ თბილისის „დინამოდან“ მხოლოდ ჩივაძე წაიყვანა და ერთი წუთითაც არ მისცა თამაშის საშუალება. ტრავმის გამო თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ჯგუფურ ეტაპზე ვერ იასპარეზებდა, ბელგიელებთან მერვედფინალის წინ კი მას ლობანოვსკიმ უთხრა, რომ ამ ბარიერს მის გარეშეც დაძლევდა და მომდევნო მატჩში მისცემდა თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა საბჭოელებმა 3:4 წააგეს და მუნდიალზე გამოსვლა დაასრულეს.

იმის გათვალისწინებით, რომ გვყავს ხვიჩა კვარაცხელიას სახით ფეხბურთელი, რომელიც „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური კანდიდატია, ბუნებრივია, არსებობს იმედი, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა და ყველას გვჯერა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ შეუშვეს სომალელი მსაჯი აშშ-ში | ცნობილია მიზეზი
რატომ არ შეუშვეს სომალელი მსაჯი აშშ-ში | ცნობილია მიზეზი