„ხვიჩას სახით საფეხბურთო ანგელოზი გვყავს“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან
გელა კეტაშვილს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების წინაშე ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება - ის სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია და რომ არა ეს ტიტული, დაცვაში თავისი საიმედო ასპარეზობით ყველას თავს მაინც დადებითად დაამახსოვრებდა. ვეტერანი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგაც ფეხბურთს თვალყურს აქტიურად ადევნებს და ბუნებრივია, მისი შეფასებები მუდამ საინტერესო მოსასმენია. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ერთადერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა.
გელა კეტაშვილი
ხვიჩა კვარაცხელიას სახით ღმერთმა ქართველებს საფეხბურთო ანგელოზი მოგვივლინა და ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ ყველანაირად სამაგალითო და ნამდვილი ქართველია. კვარა ნელ-ნელა გაიხსნა, მისი აფეთქება ერთბაშად არ მომხდარა და ავიდა იმ მწვერვალზე, რომელზეც უნდა ასულიყო.
ბევრისგან გამიგია, ვიცოდი, რომ მაგარი იყო, მაგრამ ამდენს არ ველოდიო, მე კი ნამდვილად ველოდი. ახლა მთავარია ამ მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნოს და დარწმუნებული ვარ, რომ შეინარჩუნებს კიდეც და ორი-სამი წელი მაინც უმაღლეს დონეზე იასპარეზებს.
ჩემი აზრით, „ოქროს ბურთს“ უპირველეს ყოვლისა სწორედ ხვიჩა იმსახურებს, მაგრამ აქ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატზე კი არა, იცით რაზეა დამოკიდებული? როგორ შეაფასებენ მსოფლიოს ბიუროკრატები კვარას თამაშს და რა ენებს მიიტანენ ფიფამდე. რა თვისებას გამოვარჩევდი განსაკუთრებით ხვიჩაში? უკან ჩამოსვლას და თავდაუზოგავ შრომას. როგორც ყოფილი უკანა ხაზელი გეტყვით, რომ მცველისთვის იმაზე დიდი შვება არაფერია, როდესაც თავდამსხმელი გეხმარება.
საქართველოს ნაკრებს უჭირს თუ არ დაცვაში? უჭირს კი არა, ნამდვილი ხანძარია გაჩენილი და ამ ყველაფერს სასწრაფო მიხედვა სჭირდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ფიზიკურად არ გვყავს ცენტრალური მცველები, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებენ. მესმის, რომ კაშია წავიდა, მაგრამ დაცვაში მის დროსაც ხანძარი იყო და ასეთი უკანა ხაზით, ერთა ლიგის წინ ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება მიჭირს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - რუმინელებთან ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ბაჰრეინის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, პსჟ-ის ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.