უმტიტი: ოქროს ბურთმა აზრი დაკარგა, ფეხბურთისთვის საზიანო გახდა
„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა სამუელ უმტიტიმ „ოქროს ბურთის“ შესახებ თავისი აზრი დააფიქსირა.
გუშინ ჟურნალმა France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე 30 ნომინანტი დაასახელა. მანამდე „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამ ჯილდოს საკუთარ თავს გადასცემდა.
„კილიან მბაპე თავდაჯერებული ადამიანია. შეიძლება ითქვას, რომ ამაზე არ უნდა საუბრობდეს და იმაზე უნდა კონცენტრირდეს, რაც მოედანზე ხდება. ყველამ დაინახა, რომ მან ბევრი გოლი გაიტანა, რომ გარკვეულ მომენტებში კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ თუ ჰკითხავთ: „შენი აზრით, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?“, - ის საკუთარ თავს დაასახელებს. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. მე, მაგალითად, ამას ვერ დავეთანხმები. თავდამსხმელებს სიგიჟემდე უყვართ „ოქროს ბურთი“, მაგრამ ჩემთვის აშკარაა, რომ ის აუცილებლად მას არ უნდა გადაეცეს.
სიაში შეიყვანეს კინიონესი, მაგრამ რა გააკეთა მან მსოფლიო ჩემპიონატზე? როცა ეს ვნახე, ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო. სერიოზულად, ამ ცერემონიას არც კი ვუყურებ.
ამ ცერემონიამ ყოველგვარი აზრი დაკარგა, ის დიდ ზიანს აყენებს ფეხბურთს, რომელიც ძალიან გუნდური სპორტის სახეობაა. ხალხი გაცილებით მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოიგოს „ოქროს ბურთი“, ვიდრე გუნდურ ჯილდოებზე. შეგიძლიათ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ. ჩვენ ისევ სტატისტიკაზე დავიწყეთ საუბარი, ეს კი საკმარისი არ არის. ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
მესისა და რონალდუს ეპოქის შემდეგ ამ ჯილდოს გადაცემას აღარც კი ვუყურებ. მათ წარმოუდგენელი სტატისტიკა ჰქონდათ და თუ დიდ ტიტულს ვერ იგებდნენ, ეს არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რადგან სეზონს საოცრად ატარებდნენ. ახლა კი აღარ არის აუცილებელი ერთი გამორჩეული მოთამაშის გამოყოფა“,
- თქვა უმტიტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.