„წელს არჩევანის გაკეთება რთულია“ - ტიერი ანრი ოქროს ბურთზე
საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ, ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად „ოქროს ბურთს“ წელს მისი თანამემამულე კილიან მბაპე იმსახურებს.
„წინა წელთან შედარებით, ახლა ყველაფერი გაცილებით რთულია. შარშან ყველასათვის ნათელი იყო, რომ საუკეთესო უსმან დემბელე გახდებოდა.
ჰარი კეინი? ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მაიკლ ოლისე იყო. თუ ინგლისელებს ვკითხავთ, ვინ იყო საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინი ჯუდ ბელინგემს დაასახელებენ. თუმცა ჯუდს „რეალში“ არც ისე კარგი სეზონი ჰქონდა.
გადავიდეთ როდრიზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავი იყო და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა სეზონის განმავლობაში ბევრი მატჩი გამოტოვა. ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ბრწყინავდა, იმიტომ რომ ტურნირის დაწყებამდე ტრავმა მიიღო.
ერლინგ ჰოლანდი? მას ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გოლის გატანა, თუმცა ზემოხსენებულ ფეხბურთელებზე ნაკლები შანსი აქვს. კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო. ლიონელ მესი ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა, თუ არგენტინა ფინალში გაიმარჯვებდა, რაც, მისთვის სამწუხაროდ, არ მოხდა.
ამგვარად, გვრჩება მაიკლ ოლისე, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემს ფავორიტთან, კილიან მბაპესთან. ზოგი იტყვის, რომ მბაპეს არაფერი მოუგია, მაგრამ გადავხედოთ, რას მიაღწია მან ინდივიდუალურ დონეზე: ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, ლა ლიგის ბომბარდირი და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი. პირადად მე მბაპეს ავირჩევდი“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში დასახელდება. ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ხვიჩა კვარაცხელია იბრძვის.
ბუკმეკერები „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტად „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდს, ჰარი კეინს მიიჩნევენ (63%). მეორე ადგილზე ლამინ იამალია (15%), მესამეზე კი კილიან მბაპე (11%).