დილა, სამგურალი, სპაერი, რუსთავი
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა: რუსთავმა ორი ქულა დაკარგა, დილას მარტივი გამარჯვება

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში“ დღეს 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისში „სპაერი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გია ცეცაძის გუნდმა მორიგი ქულები დაკარგა და საჩემპიონო რბოლაში ბათუმის „დინამოს“ კარგი შანსები მისცა.

შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 26-ე წუთზე გოჩა ცირდავამ სტუმართა დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე ჟან სოუზამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში ცეცაძის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო და 2 ქულა დაკარგა (43 ქულა აქვთ), რითაც შესაძლოა ბათუმის „დინამომ“ ისარგებლოს და „რუსთავს“ ქულებით გაუთანაბრდეს. ამ წუთებში გია ჭიაბრიშვილის გუნდი „იბერია 1999“-ს მასპინძლობს.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა - „დილამ“ „სამგურალს“ სტუმრად 3:1 სძლია.

მამინ სანიანგისა და შოთა შეყილაძის გოლებით „დილამ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში სტარტზევე 49-ე წუთზე მოჰამედ კანტემ შეხვედრას აზრი დაუკარგა და ანგარიში 3:0 გახადა.

მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა 85-ე წუთზე შეძლეს. გოლის ავტორი კლაუდიო სებოლინია გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „დილა“ 36 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. „სამგურალი“ კი 32 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები