ევრობასკეტის ტოპ 20 კალათბურთელი | თორნიკე შენგელია საუკეთესოთა შორის
ამერიკულმა გამოცემამ The Score-მა მოახლოებულ ევრობასკეტს სტატია მიუძღვნა და ტურნირის 20 საუკეთესო კალათბურთელი გამოარჩია. რეიტინგში საქართველოს ნაკრების კაპიტანიც მოხვდა — თორნიკე შენგელიამ მე-20 ადგილი დაიკავა.
„ჩრდილოეთ ამერიკელი გულშემატკივრები სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს უფრო იცნობენ, თუმცა თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების სული და გულია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33 წლისაა, ის კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ვირტუს ბოლონიაში ყოფნისას პერიმეტრიდან 36 პროცენტით უტევდა, რის შემდეგაც ბარსელონასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელია ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ბრწყინვალე იყო,“- წერს The Score.
ცნობილი გამოცემის მიხედვით, ევრობასკეტის საუკეთესო კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩია. სერბ ცენტრს იანის ანტეტოკუნმპო მოჰყვება, მესამე ადგილს კი ლუკა დონჩიჩი იკავებს. დონჩიჩის შემდეგ ფრანც ვაგნერი, ალპერუნ შენგუნი, ლაური მარკანენი, კრისტაპს პორზინგისი, ნიკოლა ვუჩევიჩი, დენის შროდერი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, დენი ავდია, ზაკარი რისაშე, სანტი ალტამა, გერშონ იაბუსელე, ალექსანდრ სარი, იონას ვალანჩუნასი, ბილალ კულიბალი, ვილი ჰერნანგომესი და ტრისტან ვუკჩევიჩი მოდიან.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი მერვედფინალში გავა და პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს.