კონტრაქტი შეთანხმებულია | ტაბატაძე ესპანეთში გადადის
Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, იბერია 1999-ის ფეხბურთელი, იური ტაბატაძე თბილისურ კლუბს ტოვებს. ესპანური გამოცემების ცნობით, 25 წლის შემტევი კარიერას ესპანეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „კადისში“ გააგრძელებს.
AS-ისა და Cadena Ser-ის მიხედვით, მხარეებს შორის ხელშეკრულება უახლოეს საათებში გაფორმდება და ტაბატაძე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Geo Team-მა გაავრცელა და მოგვიანებით ესპანურმა გამოცემებმა დაადასტურეს. ტაბატაძესა და „კადისს“ შორის სამწლიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
ტაბატაძე „იბერია 1999“-ის ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში გამართულ 22 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 450 000 ევროა და ამ მომენტისთვის, უცნობია კლუბები რა სახის ფინანსურ საკითხებზე შეთახმდნენ.
რაც შეეხება „კადისს“, ორი ტურის შემდეგ, „ყვითლებს“ ერთი მოგება და ფრე აქვთ და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციას იკავებენ. „კადისის“ მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაა და „ყვითლები“ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობენ.