ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

გოლი, საგოლე პასი და შექმნილი მომენტები | ეგოიანის ბრწყინვალე მატჩი კამბურთან

ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 2026/27 წლების სეზონი „კამბურისა“ და „ექსელსიორის“ შეხვედრით გაიხსნა. ირაკლი ეგოიანის გუნდმა გასვლაზე ითამაშა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და 4:0 გაიმარჯვა.

ეგოიანი საუკეთესო იყო და „ექსელსიორის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მე-17 წუთზე ირაკლიმ ახალი სეზონის პირველი გოლი გაიტანა. 22 წლის ფეხბურთელმა ხიან დე რეხტის პასით ისარგებლა, კუთხე კარგად ჩაკეტა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

24-ე წუთზე ეგოიანმა შესანიშნავი პასი გააკეთა და დე რეხტი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, თუმცა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა არაზუსტად დაარტყა. 25-ე წუთზე ირაკლის წამოწყებულ შეტევას დარტყმა მოჰყვა, რომელიც „კამბურის“ მეკარემ მოიგერია.

31-ე წუთზე ეგოიანმა საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში ზუსტად ჩააწოდა, რითაც ნოა ნაუიოკსმა ისარგებლა. 41-ე წუთზე ირაკლის გაკეთებული პასის შემდეგ კუთხური დაინიშნა. „ექსელსიორმა“ სტანდარტული გაათამაშა და დავიდ გარდენმა საკუთარ გუნდს სამბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ტაიმში „ექსელსიორმა“ სათამაშო ინიციატივა დათმო და კონტრშეტევებს ელოდებოდა. ეგოიანის გუნდს რამდენიმე შანსი ჰქონდა და 69-ე წუთზე ქართველმა კიდევ ერთი მომენტი შექმნა. ირაკლი ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და სიმონ იანსენს პასი გაუკეთა. იანსენის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და კუთხური დაინიშნა, რომელიც თავად იანსენმა მოაწოდა და ნაუიოკსმა დუბლი გაიფორმა.

ეგოიანმა მოედანი 75-ე წუთზე დატოვა, მისმა გუნდმა კი სამი ქულა აიღო და სეზონი პოზიტიურ ნოტაზე დაიწყო. „ექსელსიორი“ მომდევნო შეხვედრას 15 აგვისტოს გამართავს და საშინაო კედლებში პსვ-ს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ირაკლის სტატისტიკას, ეგოიანი ბურთს 52-ჯერ შეეხო, 29-დან 25 ზუსტი გადაცემა შეასრულა, 1 დრიბლინგი ჰქონდა, 4 საკვანძო პასი მიითვალა და Sofascore-მა მისი თამაში 8.8 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი დროს მიიღებს, მაგრამ...“ | ბრედ ფრიდელი ლივერპულის მეკარეებზე
„მამარდაშვილი დროს მიიღებს, მაგრამ...“ | ბრედ ფრიდელი ლივერპულის მეკარეებზე