მინდორზე გორაობდნენ და ტემპს ანელებდნენ | ლარნის მწვრთნელი იბერიაზე
Belfast Telegraph-მა ჩრდილოეთირლანდიური „ლარნის'' მთავარი მწვრთნელის, გარი ჰავერონის კომენტარი გამოაქვეყნა. 45 წლის მთავარი მწვრთნელი ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიასთან'' გამართულ მატჩზე საუბრობს.
ჰავერონის აზრით, მისი გუნდი პრესინგში ძალიან კარგი იყო: „ამ თამაშში ბევრი რამ იყო მოსაწონი.„იბერია'' ისეთი გუნდია, რომელსაც უყვარს თამაშის ბურთით გაკონტროლება და ვფიქრობ, ჩვენ მეტოქის ფეხბურთელებს დიდი ხნის განმავლობაში ვანეიტრალებდით, ბურთით კონტროლის საშუალება არ მივეცით. ჩვენი პრესინგი შესანიშნავი იყო და გუნდის განლაგებაც ფანტასტიკური''.
ჰავერონის აზრით, „იბერიას'' ფეხბურთელები ტემპის დაგდება ხელოვნურად ცდილობდნენ: „მათ თამაშის "მოკვლა" დაიწყეს. ტრავმებით ეცემოდნენ, გორაობდნენ, სახეზე ხელს იკიდებდნენ და თამაშის ტემპს ოდნავ ანელებდნენ''.
ჰავერონი აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა სტანდარტულები ვერ გამოიყენა: „ვერ გამოვიყენეთ ის სტანდარტულები, რაც გვქონდა. მათმა მეკარემ ძალიან ბევრჯერ შეძლო გამოსვლა და ბურთის დაუფლება.“
ჰავერონმა ჩრდილოეთირლანდიური კლუბების ევროპულ ტურნირზე გამოსვლაზეც ისაუბრა: „ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ ირლანდიის ლიგის კლუბები ევროპაში კონკურენციას ვერ წევენ. ჩვენ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვართ, რაც დიდი ტურნირია და ვაჩვენეთ, რომ კონკურენციის გაწევა შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ „ლარნესა“ და „იბერიას'' მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა თბილისში, 11 აგვისტოს გაიმართება, გამარჯვებული ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავა, დამარცხებული კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს.
„იბერია'' - „ლარნის'' მატჩი „მიხეილ მესხზე'', 11 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.