უფრო ძლიერი დავბრუნდები | ხარატიშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ჩეხური „პარდუბიცეს'' ქართველი მეკარე ლუკა ხარატიშვილი ტრავმირებულია, ხელის ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება. ამ თემაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი კლუბის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა.
„ავსტრიაში პირველივე ვარჯიშზე დავშავდი. ერთი უხერხული დაშვებისას მარჯვენა იდაყვი დავიზიანე. ამის შემდეგ ჩეხეთში დავბრუნდი, სადაც ოპერაცია ჩამიტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესი დავიწყე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ყოველდღიურად უკეთესობაა. ჩვენი სამედიცინო შტაბი შესანიშნავად ზრუნავს ჩემზე და მინდა მათ ყურადღებისთვის მადლობა გადავუხადო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.
გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ დავბრუნდები იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი და მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს!“
ლუკას შესახებ ფიტნეს მწვრთნელმა, მარეკ მანდელბაუმმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „როგორც უკვე ნახეთ, ლუკას ხელი „დაფიქსირებული'' აქვს. ასე რომ, მას კიდევ დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ამ დროს მასთან ერთად ეფექტურად ვიყენებთ. შესაძლებელია ბევრი სხვა პრობლემის მოგვარება, რაც მის სხეულს მანამდე აწუხებდა და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ. ახლა ის ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშაა და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს.“
ლუკა ხარატიშვილს ჩეხურ კლუბში საკმაოდ პროგრესირებადი სეზონი ჰქონდა, 2025-26 წლების სეზონის პირველ ნახევარში სასტარტოდან იაჰიმ სერაკი ამოაგდო. ზამთარში კონკურენტად ალეშ მანდოუსი მოუყვანეს, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ლუკამ კონკურენცია მასაც მოუგო და გუნდის პირველი მეკარე გახდა. საბოლოოდ, „პარდუბიცემ'' საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი აამოქმედა, ლუკა 350 000 ევროდ „დინამო ბათუმიდან'' გამოისყიდა და 1,90 მ. სიმაღლის მეკარე „პარდუბიცეს'' საკუთრება გახდა.