მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები - მოჭიდავეების ტრიუმფი
ბულგარეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე დღევანდელი საშეჯიბრო დღე საქართველოს წარმომადგენლებმა ტრიუმფით დაასრულეს. ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
ფუტკარაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში ირანელი მალეკ გოვეირი 9:1 დაამარცხა, ხოლო ფინალამდე ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუს მოჭიდავეებს აკჟან იკილასოვსა და კირილ ვალეუსკის და ამერიკელ ლესტერ ბოულინგს აჯობა. რაც შეეხება კოჩალიძეს, ფინალში მანაც რუსს, აბდურმახან აბდულკადიროვს მოუგო - 2:1, იქამდე კი სერბ ბრანკო დუკიჩზე, უკრაინელ პავლო ტორიანიკზე, სომეხ ტერ მატევოსიანზე და ფინელ ელიას ლისკიზე ძლიერი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ როგორც ანრი ფუტკარაძემ, ასევე ლუკა კოჩალიძემ 2025 წელს ოქროს დუბლი შეასრულეს და პლანეტის პირველობის მოგებამდე რამდენიმე თვით ადრე, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ევროპის ჩემპიონატზეც ავიდნენ.