ზედიზედ მესამე სერია მოიგო - ჩხიტუნიძის მორიგი ოქრო
ისტორიაში პირველად ბათუმმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიებს უმასპინძლა. მესამე ეტაპზე 22 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და გამარჯვებულები როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტურნირის მიმდინარეობისას, ქვიშის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობისთვის საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დააჯილდოვეს.
საუკეთესო შედეგი ლუკა ჩხიტუნიძემ აჩვენა, რომელმაც წელს გამართული მსოფლიოს სერიების საწყისი ორი ეტაპის მსგავსად, ოქროს მედალი არც სამშობლოში გამართულ მესამე ეტაპზე არავის არ დაუთმო და ფინალში ირანელი ალი გოლამი 2:1 დაამარცხა. დავით ფარტენაძე (70 კგ), ევსემი შველიძე (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) კი, ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ცნობისათვის, ბათუმში ჩატარებულ ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების მესამე ეტაპზე კიდევ რვა ქართველი მოჭიდავე, ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (70 კგ), დიეგო მახარაძე (80 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (80 კგ), თორნიკე თულაშვილი (90 კგ), იუზა ცერცვაძე (90 კგ), თედორე ებანოიძე (+90 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (+90 კგ) ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ ისინი მედლის გარეშე დარჩნენ.