გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ცუდი პირველი ტაიმი, გაფუჭებული პენალტი და გოლი ბოლო წამებზე | საქართველოს მარცხი ერთა ლიგაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა. მატჩს „დინამო არენამ“ უმასპინძლა და სენსაციური შედეგით დასრულდა — 0:1.

შეხვედრა მძიმედ დაიწყო. „ჯვაროსნები“ ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ შეტევაში აბსოლუტურად არაფერი გამოსდიოდათ და მინი-მომენტებსაც ვერ ქმნიდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველად მეტოქის კარისკენ 37-ე წუთზე დაარტყა, თუმცა ანზორ მექვაბიშვილის შორეული გასროლა მცველებმა დაბლოკეს.

38-ე წუთზე პირველი ტაიმის ერთადერთი მომენტი გვქონდა — ისიც კუთხურს მოჰყვა. ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ გიორგი კვერნაძემ თავით დაარტყა და ჩრდილოეთ ირლანდია გუნდის კაპიტანმა, ტრეი ჰუმმა გადაარჩინა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. რაც შეეხება სტუმართა შეტევებს, ში ჩარლზს კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა თავით არაზუსტად დაარტყა — 0:0.

მეორე ტაიმი ვილი სანიოლმა ცვლილებით დაიწყო და საბა ხარებაშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა. „ჩაკვეს“ გამოსვლასა და ცვლილებებს „ჯვაროსნების“ გააქტიურება მოჰყვა და 53-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი შანსი მიეცა. ჩაკვეტაძემ მას ბრწყინვალე პასი გაუკეთა და მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიელთა მეკარემ საოცარი ბურთი მოიგერია.

57-ე წუთზე მიქაუტაძემ მეორე მომენტი ვერ გამოიყენა. 64-ე წუთზე ჩრდილოეთ ირლანდიის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ დენიელ ბალარდმა ლუკა ლოჩოშვილი წააქცია და მთავარმა არბიტრმა, მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტის შესრულება საკუთარ თავზე „კვარამ“ აიღო, მაგრამ ცუდად დაარტყა და პირს ჩარლზმა მასაც აჯობა.

76-ე წუთზე სტუმრებს გოლის გატანა შეეძლოთ. ში ჩარლზს კარგი შანსი მიეცა, თუმცა გიორგი მამარდაშვილს ვერ აჯობა. 85-ე წუთზე ჩარლზს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო — ჩრდილოეთ ირლანდიელმა ნახევარმცველმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. სამწუხაროდ, სტუმრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. მსაჯის მიერ დამატებულ მეცხრე წუთზე ჩარლზმა მაინც გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ცნობისთვის, დღეს ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და უნგრეთი უკრაინას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, უკრაინასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა