„ექიმების რეკომენდაციით, პირველი ორი მატჩი არ უნდა ითამაშოს“ - Marca შენგელიას მდგომარეობაზე
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებ გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca წერს და ამტკიცებს, რომ მისი ესპანეთის წინააღმდეგ თამაში საეჭვოა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ გულის არითმიის შემდეგ, ესპანელმა ექიმებმა შენგელიას რეკომენდაცია მისცეს, რომ ევრობასკეტის პირველ ორ თამაშში, რომელიც ჩვენმა გუნდმა ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებთან უნდა გამართოს, გამოტოვოს, სხვა შემთხვევაში კი თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს.
რა წერია Marca-ს სტატიაში:
„თავდაპირველად, შენგელიას ექიმებმა ურჩიეს, რომ ევრობასკეტის პირველ ორ მატჩში, კერძოდ ესპანეთთან და იტალიასთან არ ითამაშოს. კალათბურთელს კი ნებისმიერ ფასად სურს ორივე მატჩში მონაწილეობის მიღება. ესპანეთთან მისი თამაში თითქმის გამორიცხულია, თუმცა შესაძლებელია, რომ ის იტალიასთან მატჩისთვის უკვე მზად იყოს. თუ ესპანეთის წინააღმდეგ მაინც მოისურვებს თამაშს, მაშინ ის თავის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის“.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გუშინ, კვიპროსში შეუერთდა, დღის ბოლოს კი მსუბუქადაც ივარჯიშა. კაპიტანს რამდენიმე კვირის წინ გულის არითმია დაუდგინდა, რის გამოც ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრება დატოვა და სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა. როგორც კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური აცხადებს, შენგელიას მდგომარეობა ახლა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ ტურში ესპანეთს შეხვდება, 29 აგვისტოს კი იტალიას დაუპირისპირდება.