„პლეიოფში გასვლა შეუძლიათ“ | რომელ ადგილზეა საქართველო Basketnews-ის რეიტინგში
საკალათბურთო პორტალმა, Basketnews-მა მოახლოებული ევრობასკეტის მონაწილე გუნდების რეიტინგი შემოგვთავაზა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მე-14 პოზიციაზე იმყოფება და Basketnews ვარაუდობს, რომ ალეკსანდერ ჯიკიჩის გუნდი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს.
„საკუთარ კედლებში ჩატარებული წარუმატებელი ევრობასკეტის შემდეგ საქართველო შეეცდება დაბრუნდეს და 2015 წლის შემდეგ პირველად, მერვედფინალში გავიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ჯგუფში კვიპროსი და ბოსნია და ჰერცეგოვინა არიან, პლეიოფში გასვლა მიღწევადი ამოცანაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ეყოლება,“ - წერს Basketnews.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და იტალია არიან. Basketnews-ის რეიტინგში ბოსნია და ჰერცეგოვინა მე-16 ადგილზეა, კვიპროსი ბოლო, 24-ე პოზიციას იკავებს, ესპანეთი ფინეთთან მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს, საბერძნეთი მეოთხეა, იტალია - მერვე.
Basketnews-ის მიხედვით, ევრობასკეტის მთავარი ფავორიტი სერბეთია. ნიკოლა იოკიჩის გუნდს გერმანია მოჰყვება, მესამე კი საფრანგეთი გახლავთ.