„ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ“ - კანელო ალვარესი თოფურიაზე
ილია თოფურიას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მას MMA-ს შემდეგ ძალების გამოცდა კრივში სურს და ამას არ გამორიცხავს. მისთვის მისაღები მეტოქე სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მექსიკელი საულ „კანელო“ ალვარესია.
ამჯერად, ამ თემას თავად კანელო ალვარესი შეეხო და ილიასთან შესაძლო ბრძოლაზე კომენტარი პირველად გააკეთა.
„მისი სრული ბრძოლა არასდროს მინახავს. მაგრამ ის ძალიან მიყვარს და ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ. მე ყოველთვის მომწონდა დანა უაითი. და პატივს ვცემ UFC-ის ყველა მებრძოლს... ჩვენ ერთად დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია“.
- განაცხადა ალვარესმა.
WBC-ის პრეზიდენტი ილიას - კრივის კარი ღიაა
კრივის ერთ-ერთი მმართველი ორგანოს, WBC-ის პრეზიდენტმა, მაურისიო სულეიმანიმ გასულ წელს ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„კრივი MMA-სგან რადიკალურად განსხვავებული სპორტია, თუმცა, შეგვიძლია, ფრანსის ნგანუს მაგალითი მოვიყვანოთ. მან ტაისონ ფიურისთან იჩხუბა, რის შედეგადაც WBC-ის რეიტინგში შევიდა. ასე რომ, თუ თოფურიას კრივში სურს ბედის ცდა, მისთვის კარი ღიაა“.
რას ამბობდა გასულ წელს ილია კანელოზე
„კანელო ალვარესით აღფრთოვანებული ვარ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ამას დღემდე ვაგრძელებ. კანელო თავიდან ფეხებამდე ჩემპიონია. ის სამაგალითოა და საუკეთესოა. როცა კრივში გადავალ, სწორედ ასეთ მეტოქეს უნდა დავუპირისპირდე - საუკეთესოს და ასეთი საულია.
კანელოს დიდ პატივს ვცემ და ამას რინგზეც დავადასტურებ. მათ შერეულ ორთაბრძოლებში (UFC) უბრალოდ შანსი არ აქვთ, მათ მხოლოდ მუშტის ქნევა შეუძლიათ და მეტი არაფერი. ოქტაგონზე კი ასეთები ყველაზე ნაკლებად ძლებენ. კანელოს შევთავაზებ, თუ სად სურს, რომ დავამარცხო, რომელ სახეობაში. ამაზე კონტრაქტსაც გავუფორმებდი, შემდეგ კი მაგრად ვცემდი“.