ერთის გარდა ყველა - უეფას წევრმა ქვეყნებმა ფიფას უნდობლობა გამოუცხადეს
უეფა-მ ბერლინში ორგანიზაციის წარმომადგენელთა ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნის შემდეგ, უეფა და ყველა ეროვნული ასოციაცია (აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის გამოკლებით) შეთანხმდნენ ფიფა-ს რეფორმირების მკაფიო მიმართულებაზე.
ეროვნულმა ასოციაციებმა კვლავ დაადასტურეს, რომ დაკარგეს ნდობა ფიფა-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიმართ. მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმა საკმარისი არ იქნება. ფიფა-ს ასევე სჭირდება ახალი ხელმძღვანელობა: ავტორიტეტული და ყველას გამაერთიანებელი ლიდერი, რომელსაც აქვს ღრმა ფესვები ფეხბურთში, გააჩნია გაძღოლის ხედვა და გამოცდილება, სხვადასხვა რეგიონში ნდობის აღძვრის უნარი და უპირობო ერთგულება განვითარების, რეფორმების, პატიოსნებისა და დამოუკიდებლობისადმი.
დისკუსიები რეფორმისა და ფიფა-ს მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ გაგრძელდება უეფა-ს ეროვნულ ასოციაციებსა და მათ კოლეგებს შორის მთელი მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით“,
- ნათქვამია ევროპული ფეხბურთის ასოციაციათა კავშირის განცხადებაში.
წერილის დანართში მითითებულია უეფა-ს მოთხოვნები ფიფა-ს მიმართ: უფლებამოსილებათა გამიჯვნა, ფიფა-ს საბჭოს როლის გაძლიერება, კომიტეტების ოპტიმიზაცია („რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო მიზანი და რეალური ღირებულება“), პრეზიდენტის გამოჩენა, რომელიც „ლიდერობს და არ მართავს“, მატჩების კალენდართან დაკავშირებით ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე უარის თქმა, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რესურსების პირადი ან საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვა და სხვა.