გია გეგუჩაძე
Aa
Aa

გეგუჩაძე: ერთ-ერთი ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება

გია გეგუჩაძე დღემდე ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც შეძლო და საქართველოს საფეხბურთო კლუბი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. მან ამის გაკეთება 2004 წელს თბილისის „დინამოში“ მუშაობისას მოახერხა და მას შემდეგ ქართველი გულშემატკივარი მსგავსი მასშტაბის წარმატებას მოუთმენლად, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ ელის. Crystalsport-თან საუბარი გეგუჩაძემ საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებით დაიწყო.

გია გეგუჩაძე

გული მიგრძნობს, რომ წელს საქართველოს რომელიმე კლუბი რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. ბევრი თვლის, რომ „მალმეს“ სახით „იბერიას“ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა, თუმცა ჩემი აზრით შანსები 50/50-ზეა. შვედეთის ჩემპიონი ადრე უფრო კონკურენტუნარიანი იყო და თანაც ლევან კორღალიძეს საკმაოდ კარგი და შეთამაშებული კლუბი ჰყავს. გარდა ამისა, „მალმესთან“ წარუმატებლობის შემთხვევაში, „იბერიასთვის“ არაფერი სრულდება და კონფერენს ლიგაზე განაგრძობს ბრძოლას.

„ტორპედო“ – „ორდაბასის“ წყვილში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ქუთაისურ კლუბში კიდევ რამდენიმე ახალი სახე მივიდა და რამდენად მოესწრება მათი ადაპტაცია, რთული სათქმელია. ბევრი თვლის, რომ იმერლებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა მე პირადად ეჭვები მიჩნდება, მართლაც გაძლიერდა თუ არა ქუთაისური გუნდი.

ევროტურნირების წინ „დილაში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გორელებს მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავთ, ახალ დამრიგებელს შედარებით ნაკლები პრობლემები ექნება, რადგან მას შეთამაშებული გუნდი დახვდება, რომელიც ბოლო წლებია სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. რაც შეეხება „რასინგს“, ლუქსემბურგის ფეხბურთი ბოლო პერიოდში აღმავლობის გზაზე დგას, მაგრამ გორელებს მათი ბარიერის დაძლევა შეუძლიათ.

„სპაერმა“ „აუსტრიასთან“ ყოველგვარი კომპლექსისა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს. ამ გუნდის ფეხბურთელებს ვეტყოდი, რომ გავიდნენ მოედანზე და ყველას აჩვენონ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. თუ მოიგებენ, ყველას გაგვახარებენ, მარცხის შემთხვევაში კი მათ არავინ უსაყვედურებთ.

ცნობისათვის, „იბერია“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ივლისს „მალმეს“ თბილისში უმასპინძლებს, 15 ივლისს კი სტუმრად შეხვდება. „ტორპედო“ „ორდაბასთან“ პირველ მატჩს ქუთაისში, ხოლო „დილა“ „რასინგთან“ ლუქსემბურგში ჩაატარებს, რომლებიც 10 ივლისს არის ჩანიშნული. ქართული კლუბების განრიგი ევროტურნირებზე კი ასეთია.

ჩემპიონთა ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი

8 ივლისი, 20:00 საათი - იბერია - მალმე

15 ივლისი, 21:00 საათი - მალმე - იბერია

კონფერენს ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი

10 ივლისი, 20:30 წუთი - რასინგი - დილა

10 ივლისი, 21:00 საათი - ტორპედო - ორდაბასი

17 ივლისი, 20:00 საათი - დილა - რასინგი

17 ივლისი, 20:00 საათი - ორდაბასი - ტორპედო

II საკვალიფიკაციო ეტაპი

24 ივლისი, 22:30 წუთი - აუსტრია - სპაერი

31 ივლისი, 20:00 - სპაერი - აუსტრია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძე: „პსჟ-ის წარმატებაში ხვიჩას ლომის წილი მიუძღვის“
გია გეგუჩაძე: „პსჟ-ის წარმატებაში ხვიჩას ლომის წილი მიუძღვის“