კახა კაჭარავა: „ჩაკვესთვის ვალენსია იდეალური ვარიანტია“
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ უკვე გამოცხადდა და მომდევნო სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით ის გუნდს გამოიცვლის და კარიერას უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში განაგრძობს. 25 წლის ქართველ ნახევარმცველთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაცია მის „ვალენსიაში“ შესაძლო ტრანსფერს შეეხებოდა და რამდენად გამართლდება ეს ყველაფერი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ჩაკვეტაძის შესაძლებლობებს რომელიმე სპეციალისტი თუ კარგად იცნობს, ეს პირველ რიგში კახა კაჭარავაზე ითქმის. სწორედ ის გახლდათ თბილისის „დინამოს“ დამრიგებელი, როდესაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ამ ფეხბურთელმა პირველი ნაბიჯები გადადგა. კაჭარავამ Crystalsport-თან ინტერვიუში სწორედ ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
კახა კაჭარავა
იმ ურთულესი ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე ღირსეულად დაუბრუნდა, რომ ამას ბევრი ვერც წარმოიდგენდა. თუმცა, ვიცი, მას მომატების პოტენციალი კიდევ აქვს და მჯერა, რომ მომდევნო წლები კიდევ უკეთესი იქნება.
ინგლისის ჩემპიონშიპი ბევრი ქვეყნის უმაღლეს ლიგას სჯობს, მაგრამ ჩაკვეტაძის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მან გაცილებით მაღალ დონეზე ასპარეზობა დაიმსახურა. პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბისგან ინტერესზე იწერება და ალბათ, გიორგი „უოტფორდში“ აღარ დარჩება.
ძალიან გამიხარდა, როდესაც „ვალენსიას“ ვარიანტი გამოჩნდა, რადგან ჩაკვეტაძის სათამაშო სტილიდან და ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე, მისთვის “ღამურები“ და ესპანეთის ლა ლიგა იდეალური ვარიანტი იქნება.
ჩემთან დაკავშირებით სიახლე არაფერია და შესაფერის წინადადებას ველი. რაც შეეხება ჩემს შვილს, ნიკას „გაგრასთან“ თავიდანვე ჰქონდა შეთანხმება, რომ ამ გუნდში 2-3 თვით დარჩებოდა. „გარეჯში“ გადასვლა მისგან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან გიორგი მიქაძე ნიკას შესაძლებლობებს კარგად იცნობს და მჯერა, რომ საგარეჯოს კლუბში გატარებული პერიოდი ნაყოფიერი იქნება.
ცნობისათვის, გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ამჟამინდელი მონაცემებით მისი სატრანსფერო ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს.