ინტერესი ესპანეთიდან | ჩაკვეტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
გიორგი ჩაკვეტაძის საკუთარ რიგებში ხილვით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა. „ჩაკვეს“ მსურველი ესპანეთის ლა ლიგიდან გამოუჩნდა და მის გაფორმებაზე გიორგი მამარდაშვილის ყოფილი კლუბი, „ვალენსია“ ფიქრობს.
Tribuna Deportiva-ს ინფორმაციით, „ღამურები“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ და „ჩაკვე“ ერთ-ერთი კანდიდატურაა. „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელს, კარლოს კორბერანს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და სურს, ახალი სეზონის დაწყებამდე დაიმატოს.
როგორც ირკვევა, „ვალენსიას“ მიზანია, „უოტფორდი“ იჯარაზე დაითანხმოს და მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩაკვეტაძის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს. ნაკლებად სავარაუდოა, „კრაზანებმა“ ეს შეთავაზება მიიღონ. მითუმეტეს, რომ „ჩაკვეს“ გადაბირებას პრემიერ ლიგის წარმომადგენლები განიხილავენ.
Sportsboom-ის ცნობით, გიორგის გაფორმებაზე „ბარნლი“ და „სანდერლენდი“ ფიქრობენ, რომლებიც პრემიერ ლიგაში ახლახან დაწინაურდნენ. მათ გარდა, „ბირმინგემის“ ვარიანტიცაა, რომლის მიზანიც უმაღლეს დივიზიონში გადასვლაა. ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა.