ახლა უკვე ატლეტიკოც | სიმეონეს გუნდი მიქაუტაძის შეძენაზე ფიქრობს
გამოცემა FootBoom-ი მადრიდის „ატლეტიკოს“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და „ლიონის“ ქართველ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძესაც ახსენებს.
გამოცემის ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს გუნდის მთავარი სამიზნე ვიქტორ გიოკერეშია, თუმცა დიდი კონკურენციის გამო შვედი ფორვარდის დამატება რთული ამოცანა იქნება. ამ ფონზე კი კლუბის რადარებზე გიორგი მიქაუტაძის სახელი გამოჩნდა.
„24 წლის ქართველ ფორვარდს „ატლეტიკო“ შარშანაც აკვირდებოდა. ახლა, როდესაც „ლიონი“ ლიგა 2-ში დააქვეითეს, მიქაუტაძის გაყიდვა უფრო რეალური სცენარი გახდა. ეს არაა მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება - მიქაუტაძეს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს - ის საშუალოდ 1 გოლის გატანას 84 წუთს ანდომებს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კერძოდ, საუბარია პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობასა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალზე, რომელიც, როგორც ჩანს, „ლიონმა“ ვერ დაფარა.
ფრანგულ კლუბში DNCG-ის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.