ყველაფერს გააკეთებენ | ბეშიქთაში ზამთარში ზურიკოს გაფორმებას შეეცდება
ზურიკო დავითაშვილი კვლავინდებურად „ბეშიქთაშის“ ყურადღების ცენტრში იმყოფება. თურქულ კლუბს მისი გადაბირება ზაფხულში სურდა, თუმცა „სენტ-ეტიენი“ ვერ დაიყოლია და დანებება მოუწია. ზურიკოს მომავალთან დაკავშირებით, თურქულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
Takvim-ის ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი, სერდალ ადალი ყველაფერს გააკეთებს, რათა ზამთარში შემადგენლობა გააძლიეროს. „თეთრ-შავების“ მთავარ მწვრთნელს, სერგენ იალჩინს შერჩეული ჰყავს ფეხბურთელები, ვისი გადაყვანაც სურს და დავითაშვილი ერთ-ერთი მათგანია.
თურქული გამოცემის მიხედვით, ადალი მზად არის, ყველანაირი ფინანსური მსხვერპლი გაიღოს, რათა ზურიკო გაიფორმოს. „სენტ-ეტიენს“ ქართველი გარემარბის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურდა და ვნახოთ, „მწვანეები“ ზამთარში რა პოზიციაზე იქნებიან.
ცნობისთვის, ზურიკომ საფრანგეთის ლიგა ორის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 4 გოლი გაიტანა. დავითაშვილს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.