ტაბატაძის გამარჯვების გოლი - კადისმა უესკა დაამარცხა
იური ტაბატაძე საფეხბურთო ესპანეთის გაოცებას განაგრძობს. Crystalbet ეროვნული ლიგიდან პირდაპირ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გადასულმა ქართველმა შემტევი ტიპის ნახევარმცველმა „კადისის“ არათუ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა იოლად ადგილი, არამედ კლუბის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ლა ლიგა 2-ის IX ტურში, უშუალო კონკურენტთან, „უესკასთან“ (1:0) საშინაო შეხვედრაში სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა.
გამარჯვების ბურთის გატანის გარდა, იური მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო, თითოეულ სათამაშო ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა, ათბალიანი სისტემით 8.2 მეათედი შეფასება დაიმსახურა და მატჩის MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. მან პასები ასპროცენტიანი (13-დან 13) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 29-ჯერ შეეხო და დრიბლინგის 3 მცდელობიდან 2 წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო გოლის გატანიდან ექვს წუთში, 76-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ის შეცვალა.
მოპოვებული გამარჯვების შედეგად „კადისი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 18 ქულით გალიდერდა. მომდევნო ტურში იური ტაბატაძე და მისი თანაგუნდელები 20 ოქტომბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებენ.