ბარსა და ვილიარეალი აშშ-ში თამაშის სანაცვლოდ ფულს იღებენ? | რას ამბობს ტებასი
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი „ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ მატჩის აშშ-ში გამართვის საკითხს გამოეხმაურა. ტებასს ჰკითხეს, მიიღებენ თუ არა „ბლაუგრანა“ და „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ამ თამაშის სანაცვლოდ ფულს, რაზეც მან პირდაპირი პასუხი არ გასცა.
„NFL მადრიდში ფულის გამო არ ჩამოდის, ისევე როგორც NBA არ ჩადის ევროპაში ფინანსური სარგებლისთვის. ისინი ასე იქცევიან, რადგან თავიანთი ბრენდის განვითარებას უწყობენ ხელს და ახალი გულშემატკივრების მოზიდვას ცდილობენ. აშშ-ში ბევრი ქომაგი გვყავს, განსაკუთრებით კატალონიელები. რაც შეეხება შეკითხვას კლუბების შესაძლო შემოსავალზე — ყველაფერი პრომოუტერებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე უცნობია, რა შემოსავალი იქნება, და გადამწყვეტ სიტყვას საბოლოო შეთანხმება იტყვის.
მოდით განვმარტავ: ეს არ არის პროექტი, რომლითაც ფინანსური სარგებლის მიღებას ვცდილობთ. ლა ლიგა ფულს არ გამოყოფს — ამისთვის პრომოუტერი არსებობს. თუმცა გეტყვით, რომ ლა ლიგა ერთი ევროსაც არ მიიღებს. ჩვენი მიზანი მხოლოდ მატჩის ჩატარებაა, რაც დაგვეხმარება ამერიკულ ლიგებს კონკურენცია გავუწიოთ.
გვჯერა, რომ ეს თამაში ესპანური ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩვენ საზღვარგარეთ უკვე გავიტანეთ კულტურა, ენა და უნივერსიტეტები — რატომ არ უნდა გავიტანოთ ფეხბურთი?!“
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“-„ბარსელონას“ დაპირისპირება 21 დეკემბერს გაიმართება. უეფამ ლა ლიგას ნებართვა მისცა და მატჩს მაიამი უმასპინძლებს.