მიქაუტაძის შემცვლელი ნაპოვნია - ვილიარეალი სიფრთხილეს იჩენს
გიორგი მიქაუტაძის მიმართ „ბარსელონას“ ინტერესმა „ვილიარეალი“ აიძულა დამზღვევი ნა ბიჯები გადაედგა, რის შედეგადაც ესპანურმა კლუბმა ახალი ფორვარდის შესაძენად წინასწარი სამუშაოები წამოიწყო.
ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს, რომ „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ „მარსელის“ ალჟირელი ფორვარდი ამინ გუირი ამოიღო სამიზნეში.
„ვილიარეალი სერიოზულად განიხილავს გუირის დამატებას, რათა გიორგი მიქაუტაძის პოტენციური წასვლისთვის მოემზადოს. ქართველის მომავალი გაურკვეველი რჩება და გავრცელებული ინფორმაციით, მისი გამოსასყიდი თანხა ახლახან 75 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შესაბამისად, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ შესაძლო შემცვლელად ალჟირელი საკუთარ მოკლე სიაში დაამატა.
კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა, რადგან საკითხი უშუალოდ მიქაუტაძეზეა დამოკიდებული. თუმცა, ამინ გუირი თავისი მრავალმხრივობის წყალობით საიმედო სამიზნედ რჩება. „მარსელში“ თავისი პირველი სრული სეზონის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
ტრანსფერმარკტის მონაცემებით, 26 წლის გუირი 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული.