„რთული ორმატჩიანი დაპირისპირება გველის“ - იაგელონიას მწვრთნელი იბერიაზე
„იაგელონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ადრიან სემიენიცმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში „იბერია 1999-თან“ მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა და პრესის კითხვებს უპასუხა.
სემიენიცმა მეტოქის ძლიერი მხარეები ჩამოთვალა.
„ეს ნამდვილად განსხვავებული მატჩი იქნება, და არა უფრო მარტივი. ჩვენ ვითამაშებთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც „რეინჯერსისგან“ განსხვავებული მახასიათებლები აქვს. მაგრამ განსხვავებული აუცილებლად მარტივს არ ნიშნავს. საპრიზო ფონდი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ვთამაშობთ, მნიშვნელოვანია და ესეც კი ართულებს ვითარებას. არ უნდა ელოდო, რომ ყველაფერი მარტივი იქნება ან რამე მარტივად მოვა. თუმცა, ჩვენ რთული ორმატჩიანი დაპირისპირებისთვის ვემზადებით. წინ სათამაშო 180 წუთი გვაქვს, სხვადასხვა სცენარით. გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოში კარგ ხასიათზე გავემგზავროთ, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ და დავიცადოთ.
ბევრს ვსაუბრობთ საპასუხო მატჩის წინ უპირატესობის მოპოვებაზე და ჯერ მოედანზეც არ გავსულვართ. მინდა მსგავსი აზროვნება გამოვრიცხო. ანალიზი ერთი რამეა, მოედანი და მატჩი - მეორე. ის ეტაპი, რომელზეც ვიმყოფებით, პასუხისმგებლობასა და კონცენტრაციას მოითხოვს. ჩვენ გვინდა ამ ორმატჩიანი დაპირისპირების მოგება და ევროპა ლიგაზე კვალიფიკაციის ისტორიული მიღწევის დაფიქსირება. დიდ პატივს ვცემ იმ მეტოქეს, რომელსაც ვხვდებით. ჩვენ ვსაუბრობთ მეტოქეზე, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი, გაიარა მთელი საკვალიფიკაციო ეტაპები და კონფერენს ლიგა უკვე გარანტირებული აქვს. დავუპირისპირდებით პროაქტიული და შემტევი იდენტობის მქონე გუნდს, რომელსაც შეტევა და ბურთის მაღლა მოპოვება სურს. მათ ასევე უყვართ ბურთის ფლობა და ფლანგებზე ხარისხიანი ინდივიდუალისტები ჰყავთ. აუცილებლად ფხიზლად უნდა ვიყოთ.
იბერია დიდი ამბიციის მქონე გუნდია. ისინი მიზანდასახულები არიან და ვფიქრობ, ძალიან მადლიერები არიან იმ მომენტით, რომელშიც ახლა იმყოფებიან. მათ, საბოლოო ჯამში, არაფრის გაკეთება არ უწევთ, რადგან შემოდგომით ევროპაში ადგილი უკვე გარანტირებული აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში ვნახავთ „იბერიას“, რომელიც სრული მონდომებით ითამაშებს, რადგან მათ აქვთ რაღაც, რისთვისაც უნდა იბრძოლონ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს ჩვენი ფასი და გამოცდილება ევროპაში. ჩვენი პოტენციური გადასვლა შემდეგ ეტაპზე კლუბისთვის ისტორიული მოვლენა იქნება. ჩვენ ბედნიერები ვართ ამ მომენტებითა და იმ შესაძლებლობით, რომელიც გვაქვს.
ჩვენ არ ვთამაშობთ ძალიან მსგავსად, თუმცა ბურთთან მუშაობისას მსგავსი სტრუქტურა გვაქვს, მაგრამ მეტოქის კარისკენ შეტევის გზები განსხვავებულია. თუმცა, ვხედავ მსგავსებებსაც, რადგან „იბერიაც“ ბურთის ფლობისკენ ისწრაფვის, მაღლა უტევს, მაგრამ ასევე დისკომფორტს განიცდის საკუთარ კართან ახლოს თავდაცვისას“.
- განაცხადა „იაგელონიას“ მთავარმა მწვრთნლემა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში გასამართი პირველი მატჩი 20 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება.