ტრავმის გამო, დანი ოლმო 2-3 კვირა ვერ ითამაშებს
დანი ოლმო ტრავმის გამო დაახლოებით ორ-სამ კვირას გამოტოვებს.
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს, დისკომფორტი იგრძნო. დღეს კი ოლმომ სამედიცინო შემოწმება კატალონიური კლუბის ბაზაზე გაიარა და ფეხბურთელს მარცხენა წვივის კუნთის ტრავმა დაუდგინდა.
როგორც ჟურნალისტი ელენა კონდისი იუწყება, 27 წლის ესპანელი გამოტოვებს ლა ლიგის მატჩს „ჟირონასთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე.
ამასთან, ფეხბურთელის მონაწილეობა 26 ოქტომბერს „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში, ჯერ კიდევ შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოლმო კარგ ფორმაში არ იმყოფება. მან 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ დანიმ „ბლაუგრანას“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.