„ილიას ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | ვოლკი თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბზე
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიას ძალიან კარგად იცნობს. „ვოლკს“ „ელ მატადორთან“ უჩხუბია და ბევრჯერ უთქვამს, რომ ილია უაღრესად სახიფათო მებრძოლია. ავსტრალიელმა თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საინტერესო დაპირისპირება გველოდება.
„ილია თოფურიას ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შეუძლია. ძლიერი ხელები აქვს და ძალიან, ძალიან სახიფათოა. თოფურია ყოველთვის ფოკუსირებულია და აქვს დამოკიდებულება, რომ თავის დარტყმას აუცილებლად იპოვის, ეს კი ძალიან სახიფათოა.
ჩხუბისას, როდესაც მეტოქეს ჯებით აკონტროლებ, ის კი საკუთარ დარტყმას ვერ პოულობს, ეჭვები უჩნდება და თავისი თავის ისე აღარ სჯერა, როგორც ორთაბრძოლამდე. თოფურიას ეს არ ახასიათებს და დარწმუნებულია, რომ დარტყმას იპოვის. თუ მისმა დარტყმამ მიზანს მიაღწია, ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია, მსუბუქ წონით დივიზიონშიც.
ჩარლზ ოლივეირა მარტივი მეტოქე ნამდვილად არაა და უკან არ დაიხევს ხოლმე. ოლივეირა წინ წავა და ილიასთვის ეს რაღაც ახალი იქნება და საინტერესოა, მას როგორ გაუმკლავდება. თოფურიას იგივე დარტყმები არ აქვს, როცა წნეხის ქვეშაა და უკან იხევს. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა იქნება და ვნახოთ, რა მოხდება“.
ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირებას მაყურებელი 29 ივნისს, დილის 08:00 საათიდან იხილავს.