სენდჰეგენმა თაფლობის თვე გადადო | მიზეზი მერაბისა და ომალის ჩხუბია
მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა. „მანქანისა“ და „შუგას“ დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი მოვლენა იყო და მას კორი სენდჰეგენიც დაესწრო, რომელიც ბევრის აზრით, მერაბის მომდევნო მეტოქე უნდა იყოს.
არიელ ჰელვანისთვის მიცემულ ინტერვიუში, „სენდმენმა“ საინტერესო განცხადება გააკეთა. კორიმ აღიარა, რომ თაფლობის თვე გადადო, რათა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებას დასწრებოდა.
„ჩემს მეუღლეს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა და ყველაფრის შეცვლა მოგვიწია. ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ ფრენები, სასტუმროს ჯავშანი და მსგავსი რაღაცები გადამეტანა. ვუთხარი, რომ ომალისა და დვალიშვილის ჩხუბს უნდა დავსწრებოდი. ყველაფერი დაჯავშნილი გვქონდა და როდესაც ორთაბრძოლის თარიღი გამოაცხადეს, მეუღლეს ვუთხარი, უნდა შევცვალოთ-მეთქი“.
ცნობისთვის, სენდჰეგენს კარიერაში 23 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 18 გამარჯვებაა. კორიმ ბოლოს დეივისონ ფიგერედოს მოუგო, მანამდე კი უმარ ნურმაგომედოვთან, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.