ლივერპულის დრამატული გამარჯვება ნიუკასლთან - მამარდა ისევ თადარიგში დარჩა
ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ მეკარეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი ტურის მსგავსად, არნე სლოტმა მამარდაშვილი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა, „ლივერპულის“ კარს კი კვლავ ალისონ ბეკერი იცავდა.
რაც შეეხება შეხვედრას, ის საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა, გამარჯვებულის ბედი კი შეხვედრის მიწურულს გაირკვა. პირველ ნახევარში, 35-ე წუთზე „ლივერპული“ გრავენბერხმა ეფექტური შორეული გასროლით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „ნიუკასლის“ ფეხბურთელი, აარონ გორდონი გააძევა და ერთი შეხედვით, სლოტის გუნდისთვის საქმე კიდევ უფრო გამარტივდა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან რამდენიმე წამში ეკიტიკემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ერთი შეხედვით, ამ გოლის შემდეგ გამარჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, „კაჭკაჭებმა“ თამაშში დაბრუნება და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. 57-ე წუთზე, ბრუნო გიმარაეშმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 88-ე წუთზე კი ოსულამ წონასწორობა აღადგინა. ამის მიუხედავად, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე ნგუმოჰამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ლივერპულს“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.
2 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილში 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. არნე სლოტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს.