„საკუთარ საქმეს წამებში აკეთებდა“ - დემბელემ მესი გაიხსენა
2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი უსმან დემბელეა, რომელმაც გარდა იმისა, რომ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია, ახლახანს უდინეში გამართულ უეფას სუპერთასის მატჩშიც გამორჩეული გახლდათ და ფრანგებს „ტოტენჰემთან“ ერთი შეხედვით უიმედო შეხვედრის შემოტრიალებაში დაეხმარა. როგორი იყო მისი კარიერის მსვლელობა „ბარსელონაში“ და რამდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლიონელ მესისთან, ამის შესახებ უსმანმა დეტალურად ისაუბრა:
„ლეოსთან თავიდანვე მშვენიერი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. გასახდელში ჩვენი თაროები ერთმანეთის გვერდით იყო და მასთან კომუნიკაცია ხშირად მიწევდა. მესი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც უთქმელად, ინსტიქტურად ხვდებიან, რა გჭირდება. მუდამ მეუბნებოდა, ყველა მეტოქე სათანადოდ დამეფასებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწევდი. ფორვარდად თამაშობდა, თუ პლეიმეიქერად, ყოველთვის სწორ პოზიციაზე იყო. შეიძლება ხუთი წუთი დაკარგულიყო მოედანზე, მაგრამ შემდეგ ბურთს მიიღებდა და თავის გასაკეთებელს წამებში გააკეთებდა“.
ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტმა დემბელეს ჰკითხა, მოუყვება თუ არა შვილს იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში ლიონელ მესისთან თამაშის პატივი ჰქონდა, რაზეც ფრანგმა უპასუხა, რომ უკვე უყვება.