ამაში ჩარევას არ აპირებს - ედვარდსს დურანტი არ აინტერესებს
NBA-ში მიმდინარე ზაფხულის მთავარი ინტრიგა კევინ დურანტის მომავალ კლუბთან დაკავშირებული ამბებია. თითქმის ყველა წამყვანი ამერიკელი ინსაიდერი აცხადებს, რომ ის „ფინიქსს“ დატოვებს და კარიერას სხვაგან განაგრძობს. დურანტის დამატების მთავარი ინიციატორი კი „მინესოტა“ გახლავთ, რომელმაც გასულ სეზონში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმაზე უკეთეს შედეგებს მიაღწია, ვიდრე ამას „ტიმბერვულვზისგან“ ელოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კლუბი ამაზე შეჩერებას არ აპირებს და სურს გაისად კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს.
იქიდან გამომდინარე, რომ კევინ დურანტი და „მინესოტას“ ამჟამინდელი ლიდერი ენტონი ედვარდსი ახლო მეგობრები არიან, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების თითოეული შეკრებისას კარგად იგრძნობა, ბევრი ელოდა, რომ ედვარდსი მისი მეგობრის „ტიმბერვულვზში“ გადასვლის ამბებში ჩაერეოდა, თუმცა როგორც მასთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, ედვარდსს ამის არანაირი სურვილი არ აქვს, ამჟამად ატლანტში ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და არაფერში ჩარევას არ აპირებს.
კევინ დურანტი გასულ სეზონში „ფინიქსის“ რიგებში საშუალოდ 26,6 ქულას, 6 მოხსნასა და 4,2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კარიერის მანძილზე ის „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ორივე შემთხვევაში ფინალური სერიის MVP-ის პრიზი მიიღო.