დრამა, სიგიჟე, საოცარი თამაში | კარლოს ალკარასმა იანიკ სინერი დაამარცხა
როლან გაროსის წლევანდელი გათამაშების ფინალში, მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნების დაპირისპირება ვიხილეთ. იანიკ სინერი კარლოს ალკარასს შეხვდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვიხილეთ, რომელიც „კარლიტოსმა“ მოიგო - 4:6, 6:7(4), 6:4, 7:6(3), 7:6(10-2).
პირველი სეტი ალკარასის უპირატესობით დაიწყო. 2:2-ზე, ესპანელმა ჩოგბურთელმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა, სინერმა უკუბრეიკი გააკეთა, 5:4-ზე კი მეტოქის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო და საწყის პარტიაში 6:4 იმარჯვა.
მეორე სეტი სინერმა 4:1-ით გახსნა. 5:3-ზე, ალკარასმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელზეც უკეთესი იტალიელი ჩოგბურთელი იყო და სინერმა 7:4 მოიგო, რის შემდეგაც სეტებში 2:0 დაწინაურდა.
მესამე სეტის პირველ გეიმში, სინერმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა, ალკარასმა ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი 4:1-ით დაწინაურდა. „კარლიტოსი“ სეტზე აწვდიდა და შანსი ჰქონდა, პარტია დაეხურა, რაც არ გამოუვიდა, თუმცა მოწინააღმდეგის მოწოდება აიღო და ჩამორჩენა შეამცირა - 6:4.
მეოთხე სეტში ნამდვილი დრამა ვიხილეთ. სინერს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, კარიერაში პირველი როლან გაროსი მოეგო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 5:3-ზე, სინერმა, ალკარასის მოწოდებაზე სამმაგი მატჩპოინტი მიიღო, მაგრამ მეტოქეს გეიმი დაუთმო, შემდეგ კი „კარლიტოსმა“ ბრეიკი შეასრულა და მეოთხე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო - 7:6(3).
გადამწყვეტი პარტიის პირველ გეიმში, სინერმა საკუთარი მოწოდება დათმო, თუმცა, 4:5-ზე, ბრეიკი გამოიყენა და საქმე საჩემპიონო ტაიბრეიკამდე მივიდა. ალკარასი ფენომენალური იყო და 10:2 იმარჯვა.