მბაპეს 50-ე | საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა
უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩი შტუტგარტში გაიმართა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. პორტუგალიასთან წაგების შემდეგ, „ბუნდესმანშაფტმა“ მიზანს „სამფეროვნებთანაც“ ვერ მიაღწია და 0:2 დამარცხდა.
Mbappé and Olise goals secure third place for France ????????#NationsLeague pic.twitter.com/wFCVkmotmt
— UEFA EURO (@UEFAEURO) June 8, 2025
იულიან ნაგელსმანის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და საწყის წუთებში, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მაიკ მენიო მოწოდების სიმაღლეზე იყო. 32-ე წუთზე, საფრანგეთის ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ივან კრუჟლიაკმა გადაწყვეტილება შეცვალა.
შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე გაიხსნა. კილიან მბაპემ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და საფრანგეთი დააწინაურა. მბაპე „სამფეროვანთა“ ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრების მაისურით მინიმუმ 50 ბურთი შეაგდო. კილიანმა ოლივიე ჟირუსა (57) და ტიერი ანრის (51) მიღწევა გაიმეორა.
მეორე ტაიმში, გერმანია ყველაფერს აკეთებდა, რათა წონასწორობა აღედგინა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრები კონტრშეტევებზე უფრო სახიფათოდ უტევდა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მაგრამ 84-ე წუთზე, მაიკლ ოლისემ, მბაპეს პასით, მეორე ბურთი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ტიტულისთვის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ხვდებიან. მატჩი დღეს, 23:00-ზე დაიწყება.