საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | Goal-ის ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ
ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა და Goal-მა საკუთარი რეიტინგი განაახლა. ავტორიტეტული გამოცემა მთავარ ფავორიტად ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ ასახელებს და აცხადებს, რომ „ატლეტიკოსთან“ გამართულ მატჩში, ლუის ენრიკეს გუნდმა დაამტკიცა, რა შეუძლია.
„თუ ტურნირის დაწყებამდე ვინმეს პარი სენ-ჟერმენის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა, ატლეტიკოსთან 4:0 მოგებული მატჩი, მათ აზრს ნამდვილად შეუცვლიდა. უსმან დემბელეს არყოფნის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდმა როხიბლანკო გაანადგურა.
პარი სენ-ჟერმენმა ბრწყინვალე გამოსვლა გაჩვენა, რომელიც მისი კონკურენტებისთვის მესიჯი იქნება. ამ მომენტისთვის, ურთულესია იპოვო გუნდი, რომელსაც პსჟ-ის დამარცხება შეუძლია“, - წერს Goal-ი.
ცნობილი გამოცემის რეიტინგში, „პარი სენ-ჟერმენის“ შემდეგ „ბაიერნი“ მოდის. „მანჩესტერ სიტი“ მესამე ადგილს იკავებს, „ჩელსი“ - მეოთხეს, „რეალი“ - მეხუთეს, „იუვენტუსი“ - მეექვსეს, „რივერ პლეიტი“ - მეშვიდეს, „ფლამენგო“ - მერვეს, „დორტმუნდი“ - მეცხრეს, „ინტერი“ - მეათეს.