„მეცინება, ჩემს თავში ვერ შემოაღწევ“ - ოლივეირა ილიას trash-talk-ზე
ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა - როგორ რეაგირებს ის „ელ მატადორის“ ეგრეთწოდებულ „trash-talk“-ზე, რომელიც MMA-ში მიღებული პრაქტიკაა და ბრძოლების წინ ტრადიციულ მოვლენად იქცა.
„არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ, ხმაურში გადაიზრდება. პირადად მე, ეს ეტაპი გავიარე - ბოლოს და ბოლოს, 15 წელია UFC-ში ვიბრძვი. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა აქ მოვედი. ახლა კი ყოველი სიტყვა, რასაც ვამბობ, რაღაცას ნიშნავს.
ადრე ლომებს შორის ბიჭი ვიყავი, ახლა კი თავს ლომად ვგრძნობ. განსხვავებული, გაბრაზებული ლომი. და თუ იდეა ჩემს თავში მოხვედრაა... არაფერი გამოვა. ილიას არაფერი გამოუვა. ვუყურებ ამას და მეცინება“,
- ციტირებს UFC-ის ყოფილი ჩემპიონის სიტყვებს MMA Fighting-ი.
შეგახსენებთ, რომ თოფურია და ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. „მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ ჩხუბი თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.