გურამ თუშიშვილი, ინალ ტასოევი
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა და თუშიშვილის დასანანი მარცხი ფინალში

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ კატეგორიაში ფინალი შედგა: გურამ თუშიშვილი რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი იწვნია.

გურამს სტარტი კარგი ჰქონდა, უფრო აქტიურიც იყო და გდებაც შეასრულა, რომელიც არბიტრებმა ჯერ ვაზარად შეაფასეს, შემდეგ კი იუკო დაფიქსირდა. ტასოევმა საპასუხო გდება მალევე შეასრულა, რომელიც ასევე იუკოს ჰგავდა, თუმცა მსაჯებმა ვაზარი ჩათვალეს და რუსი დაწინაურდა. საბოლოოდ, თუშიშვილს დრო აღარ ეყო, რომ შედეგზე გავლენა მოეხდინა.

ამ ფინალამდე თუშიშვილი და ტასოევი ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. გურამმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ 2019 წელს შეძლო.

ფინალამდე მიმავალ გზაზე თუშიშვილმა სლოვაკი მარიუს ფიზელი, გერმანელი ლოსენი კონე, აზერბაიჯანის წარმომადგენელი უშანგი კოკაური და ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე ვაჟებში მინიმუმ 1 ოქროს მედალს ყოველთვის იღებდა. ეს წარმატებული სვლა ბუდაპეშტის 2025 წლის ტურნირზე დასრულდა.

ამრიგად, ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი, ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი, ბრინჯაო - ლუკა მაისურაძე.

ბოლოს გეტყვით, რომ ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური გამოსვლებით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი დამარცხებული მყავს და სიამოვნებით ვეჩხუბებოდი ისევ“ – რიკი სიმონი
„მერაბი დამარცხებული მყავს და სიამოვნებით ვეჩხუბებოდი ისევ“ – რიკი სიმონი