ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: შესაძლოა გაროსზე ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო

როლან გაროსის ნახევარფინალში 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან იანიკ სინერთან სამ სეტში დამარცხდა – 4:6, 5:7, 6:7.

სერბმა ჩოგბურთელმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მისი ბოლო როლან გაროსი იყო. ჯოკოვიჩი არ ფიქრობს, რომ იანიკ სინერი მის ახალგაზრდულ ვერსიას ჰგავს.

- რამდენიმე წლის წინ თქვენ თქვით, რომ სინერი თქვენს ახალგაზრდობას გახსენებთ. ასეა?

„მე მგავს? არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. როცა პიკზე ვიყავი, ასევე საკმაოდ სწრაფად ვთამაშობდი, ყოველთვის ტემპში. მაგრამ იანიკი განსხვავებული მოთამაშეა და არ მინდა ჩვენი სტილის შედარება. ის თავისებურად უნიკალურია.

დღეს კარგ დონეზე ვითამაშე, ეპიზოდებში ძალიან მაღალ დონეზეც კი. მაგრამ ის ასევე საუკეთესო იყო, ჩემზე ერთი ნაბიჯით ზემოთ იდგა“.

- ფინალში კარლოსისა და იანიკის შეხვედრა გვექნება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება მათი დაპირისპირების შედარება მომავალში ჩოგბურთის დიდ დაპირისპირებებთან, როგორიც თქვენი იყო როჯერთან ან რაფასთან?

„ახლა ძნელი წარმოსადგენია, რადგან ასეთი შედარებისთვის, ათი წელი მაინც მოუწევთ ერთმანეთთან შესვენების გარეშე თამაში (იცინის).

მაგრამ მათ ნამდვილად მოაქვთ სარგებელი ჩოგბურთისთვის. ორივე მათგანს. მათი მეტოქეობა სწორედ ისაა, რაც ჩვენს სპორტს სჭირდება. მათი თამაშით და ჩოგბურთის ცხოვრებისადმი მიდგომით, ვფიქრობ, მათ ძალიან წარმატებული კარიერა ექნებათ, რამდენი წელიც არ უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ ვიხილავთ მათ თავს ზემოთ მთავარი ტიტულების აღმართვას.

არ მგონია, რომ ამ არენაზე ამხელა მხარდაჭერა ოდესმე მქონია. წაგებით ყველაზე ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ აპლოდისმენტები შევაჩერე, რადგან მსურდა ხალხისთვის მადლობა გადამეხადა. სავსებით შესაძლებელია, რომ აქ ჩემი ბოლო მატჩი ვითამაშე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრისთვის მადლობა გადამეხადა - თუ ეს ჩემი ბოლო მატჩია.

მომავლის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. არ ვიცი რა მელოდება ხვალ. შემდეგი, უიმბლდონი ალბათ ჩემი საუკეთესო შანსია კიდევ ერთი სლემის მოგებისთვის. შესაძლოა, მეტი შანსი მქონდეს სადმე სხვაგან უფრო სწრაფ კორტებზე: მაგალითად, ავსტრალიაში“.

- როცა როლან გაროსზე ბოლო მატჩს ამბობ, იმას გულისხმობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ სხვა რამეს?

„არ მითქვამს, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო მატჩი იყო. მე ვთქვი, რომ ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო მატჩი აქ გაროსზე. ახლა 12 თვე ჩემთვის ძალიან დიდი დროა.

მე ნამდვილად მინდა ვითამაშო უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობა - ეს ორი სლემი ნამდვილად, დარწმუნებული ვარ. ამის შემდეგ კი არც ისე დარწმუნებული ვარ, თუ რა იქნება შემდეგში“,

- განაცხადა ჯოკოვიჩმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როლან გაროსი | სინერმა ჯოკოვიჩს მოუგო და ფინალში გავიდა
როლან გაროსი | სინერმა ჯოკოვიჩს მოუგო და ფინალში გავიდა