ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ითამაშებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან - ლუის ენრიკეს კომენტარი

ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს, დღეს კი პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

ლუის ენრიკე:

„ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვართ და ამბიციურები უნდა ვიყოთ. გვსურს, გავაგრძელოთ ისტორიის წერა. „ატალანტამ“ მწვრთნელი შეცვალა, ამიტომ არ ვიცოდით, რას უნდა ველოდოთ მათგან. ივან იურიჩის ხელმძღვანელობით მათ მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ასეთ რამეს მიჩვეულები ვართ. ხვალ რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით და ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ.

ადემოლა ლუკმანის არყოფნა? არ მიყვარს სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი. „ატალანტა“ 2023-24 წლების ევროპა ლიგის გამარჯვებულია, იურიჩი იცნობს კლუბის ფილოსოფიას, უმუშავია გასპერინისთან. „ატალანტა“ აგრესიული გუნდია, რომელიც მეტოქეს სივრცეებს არ უტოვებს..

რაც შეეხება ტრავმირებულებს, ლი კანგინი განაცხადში იქნება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში უნდა დაველოდოთ, როგორ იგრძნობს ის თავს დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ.

ვფიქრობ, პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო რთულია. ხანდახან ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს არ სჯერათ, რომ მათ გუნდს ასეთი ტიტულის მოგება შეუძლია. ახლა მათ იციან, რომ ეს შესაძლებელია - ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ზედიზედ ორჯერ ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ იმედია, რომ სწორი მენტალიტეტის არსებობის შემთხვევაში გაუმჯობესება შევძლებთ და შესანიშნავ სეზონს ჩავატარებთ“.

RMC Sport-ის ჟურნალისტის, არტურ პეროს ინფორმაციით, კვარაცხელია გუნდისგან განცალკევებით, ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობს.

ცნობისთვის, „ლანსს“ მატჩში კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშეს, რის გამოც ქართველ შემტევს 30-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ატალანტას მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა