უშუალო კონკურენტთან მატჩში დაბრუნდება | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „როდეზს“ 2:0 მოუგო. 8 ტურის შემდეგ „მწვანეები“ 19 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსან „რედ სტარს“ 2 ქულით უსწრებენ.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა მატჩი პირველად გამოტოვა — ის განაცხადშიც არ ყოფილა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კატრომ, ლაზარეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა: „სამწუხაროდ, ზურიკო დავითაშვილი გასულ ღამეს ავად გახდა, სიცხე ჰქონდა და დავასვენეთ“.
„სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის მომდევნო ტურში, 17 ოქტომბერს, უშუალო კონკურენტს, მეორეადგილოსან „რედ სტარს“ ესტუმრება. სავარაუდოდ, ზურიკო ტურის ცენტრალურ მატჩში დაბრუნდება.
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა (392 წუთი), 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 7-დან 3 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ხოლო სასტარტოში შეუცვლელად 7-დან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.