ფრანგი ჟურნალისტი: “მიქაუტაძის გაშვება სირცხვილია, ამან ლიონის სახე გამოავლინა“
როგორც მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გიორგი მიქაუტაძემ ლიონი დატოვა და ვილიარეალში გადავიდა.
ამასთან დაკავშირებით, ფრანგმა ჟურნალისტმა ბერტრან ლატურმა გადაცემა Conol Football-ში ისაუბრა.
რა თქვა ლატურმა?
„ბოლო წლებში ორი ისეთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელმაც გამაღიზიანა. პირველი ბრედლი ბარკოლა, რომელიც 2023 წელს პსჟ-ში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მეორე მიქაუტაძის ტრანსფერია, რომელიც ვილიარეალში გადაბარგდა. ასეთი გარიგებები კლუბის ნამდვილ სახეს ავლენს, განსაკუთრებით მიქაუტაძის შემთხვევაში.
არ მესმის გულშემატკივრების პოზიციაც. ისინი ხშირად კლუბებს უდგანან მხარში და არა ფეხბურთელებს. ვერ ვხვდები რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ბარკოლას. ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით წავიდა.
ბრედლის და მიქაუტაძეს უთხრეს: „თქვენ აღარ გვჭირდებით, გვჭირდება ფინანსები. ისინი აიძულეს, რომ ლიონიდან წასულიყვნენ. ქართველის გაშვება დასანანია, რადგან მას კლუბი ძალიან უყვარს. მას დარჩენა სურდა, მაგრამ წასვლისკენ მიუთითეს. ეს საქციელი ფრანგული კლუბების სახეს წარმოადგენს.“
შეგახსენებთ, რომ ლიონს გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ფინანსური დარღვევები ჰქონდა, რის გამოც ლიგა 2-ში დააქვეითეს. შემდეგ ეს პრობლემები გარკვეულწილად მოგვარდა და გუნდი ლიგა 1-ში დაბრუნდა, თუმცა ყველაფერი აქ არ დასრულდა. ფინანსების საბოლოოდ დასაბალანსებლად კლუბს მიქაუტაძის გაყიდვა მოუწია, რომლის დებიუტიც ვილიარეალში უკვე შედგა.