„ისეთ ხელფასს ითხოვდა, რასაც არ იმსახურებდა“ - კამპუში დონარუმაზე
იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ზაფხულში პსჟ-დან „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგდა, პარიზული კლუბისგან ხელფასის გაზრდას ითხოვდა და ტრანსფერის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ამის შესახებ პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა RMC Sport-ს განუცხადა.
„კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი. ესაა „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი წესი. დონარუმას ტრანსფერი რამდენიმე გარემეობამ განაპირობა. ჩვენი მიდგომა დამსახურებას ეფუძნება: ფეხბურთელის ხელფასი მაშინ იზრდება, როდესაც ის ამას იმსახურებს. დონარუმას შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები - იძულებულები ვიყავით, გამოსავალი გვეპოვნა იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა“.
სახელფასო პოლიტიკა ყველა ფეხბურთელს ეხება. კლუბის სტაბილურობა ვერ დადგება ეჭვქვეშ ისეთი ფეხბურთელის გამო, რომელსაც სურს, გამორჩეული იყოს. კლუბს ასეთი ფეხბურთელებისგან აუცილებლად დავიცავთ. ასეთი პოლიტიკის პირობებში ყველას ესმის, რომ მწვრთნელი არ უყურებს ფეხბურთელების ძველ დამსახურებას. ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მხოლოდ წარმატებული წარსული არ კმარა - ასეთია ჩვენი მიდგომა“.
ცნობისთვის, დონარუმას კონტრაქტი პსჟ-თან 2026 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, იტალიელი მეკარე 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, პსჟ-ის პირველი ნომერი კი ლუკა შევალიე გახდა.
თავის მხრივ, „ეტიჰადზე“ 26 წლის დონარუმას დებიუტი რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერულ დერბიში შედგა - მატჩი „სიტის“ გამარჯვებით დასრულდა (3:0).