დონარუმა: პრემიერ ლიგა საუკეთესოა მსოფლიოში
ჯანლუიჯი დონარუმამ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე, პეპ გუარდიოლასა და ინგლისის პრემიერ ლიგაზე ილაპარაკა.
იტალიელი მეკარე „ქალაქელებს“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ შეუერთდა. გარიგების საფასურმა 30 მილიონი ევრო შეადგინა.
რა თქვა ჯიჯიმ:
„ვფიქრობ, ეს ისტორია თავად ამბობს სათქმელს. ის ფაქტი, რომ პეპ გუარდიოლას ჩემი აქ ნახვა უნდოდა, სიამაყის მიზეზს მაძლევს. ეს ენით აუღწერელი ემოციაა. ვფიქრობ, მისი თავკაცობა საუკეთესო რამაა ფეხბურთელისთვის. მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას. დარწმუნებული ვარ, პეპი ძალიან დამეხმარება და ამ სეზონში ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ, ისევე როგორც წინა წლებში“.
„ეს ახალი თავია ჩემს კარიერაში. ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერ ლიგაში თამაშზე, რადგან ეს საუკეთესო ლიგაა მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლა ფეხბურთელისთვის კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა, ამიტომაც ძალიან მიხარია აქ ყოფნა. მზად ვარ გავიდე მოედანზე იმ კლუბის შემადგენლობაში, რომელსაც ჩემი გაფორმება ასე ძალიან უნდოდა. იმედი მაქვს, ამ ნდობას გავამართლებ“.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, პარიზელებმა ახალი მეკარე, ლუკას შევალიე წარადგინეს, რის შემდეგაც ჯიჯიმ გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
გეტყვით ასევე, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობდა და მის შემადგენლობაში 161 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.