მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მეორე ჩხუბში სხვანაირი მებრძოლი იყო“ | შონ ომალიმ მერაბზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე საინტერესო განცხადება გააკეთა. „შუგამ“ „მანქანასთან“ ორი ორთაბრძოლა გამართა და აღნიშნა, რომ მეორე დაპირისპირებაში დვალიშვილმა სრულიად სხვა მებრძოლის შთაბეჭდილება დატოვა.

„მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა? ვფიქრობ, კორის აქვს უნარები, რომ მერაბი დაამარცხოს. თუმცა, თავის დროზე მეც ასე მეგონა და არაფერი გამომივიდა. დღემდე მჯერა, რომ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია და მიმაჩნია, რომ შანსი კორისაც აქვს. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მერაბი ყოველთვის პოულობს გზას და იმარჯვებს.

საერთო სურათში, მებრძოლის უნარები და უნივერსალურობა რომ ავიღოთ, სენდჰეგენი უკეთესია, მაგრამ მერაბი საოცრად ძლიერია იმაში, რასაც აკეთებს. მას მეტოქეები პარტერში გადაჰყავს, აღარ უშვებს და როგორც აღვნიშნე, მოსაგებად გზას ყოველთვის პოულობს.

საბრძოლო ბიზნესში თავდაჯერებულობას გადამწყვეტი როლი აქვს. ზოგადად, ცხოვრებაშიც ასეა, მაგრამ ამ ბიზნესში ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. საკუთარი თავისა და უნარების ბოლომდე უნდა გჯეროდეს. მერაბთან გამართულ მეორე ჩხუბში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სრულიად განსხვავებული მებრძოლი იყო. პირველ ჩხუბში დამამარცხა, შემდეგ უმარ ნურმაგომედოვს მოუგო და თავდაჯერებულობა საგრძნობლად გაეზარდა. მეორე ორთაბრძოლისას დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ დაამარცხებდა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ. კორიც თავდაჯერებულია და ძლიერი მებრძოლია. ამ ჩხუბს მოუთმენლად ველოდები.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სენდჰეგენის დაპირისპირებას UFC 320-ზე ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით, 5 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ველურია“ - რეი მისტერიომ თოფურია გამოარჩია
„ნამდვილი ველურია“ - რეი მისტერიომ თოფურია გამოარჩია