“არ მესმის, როგორ არ იყო წითელი ბარათი“ - მარსელინო მიქაუტაძის ეპიზოდზე
ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში ვილიარეალი ტოტენჰემს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ჟორჟს კარგი მატჩი არ ჰქონდა, თუმცა შეხვედრის 85-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა წააქცია.
მსაჯი მხოლოდ ყვითელ ბარათს დასჯერდა და ტოტენჰემს ფეხბურთელი არ გაუძევა. ამასთან დაკავშირებით, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ კომენტარი გააკეთა.
მარსელინო:
„ყველამ ვნახეთ ორი ისეთი ეპიზოდი, რომელშიც მსაჯს წითელი ბარათის ჩვენება შეეძლო. ისინი ძალიან აშკარა იყო. მეორე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არ მესმის, როგორ არ უნდა მიეცა საერთაშორისო გამოცდილების მსაჯს წითელი ბარათი. პირველიც საკმაოდ აშკარაა, რადგან ბურთის თამაშის შანსი არ არსებობდა. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.“
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ვილიარეალის რიგებში უკვე მეორე მატჩი გამართა, თუმცა ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. მარსელინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.