„საუკეთესო სტრაიკერია“ | კამარუ უსმანის მწვრთნელი ილიას აქებს
MMA-ის ცნობილმა მწვრთნელმა, ჰენრი ჰუფტმა, რომელიც კამარუ უსმანთან და შავკატ რახმონოვთან მუშაობს, ილია თოფურიაზე ისაუბრა. Home of Fight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჰუფტმა „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, ის UFC-ში საუკეთესო სტრაიკერია.
„ილია თოფურიას ყველაზე სწრაფი და ძლიერი ხელები აქვს, მშვენიერი ტექნიკით გამოირჩევა და კარგი სტილი აქვს. პირადად ჩემთვის, ის საუკეთესო სტრაიკერია, თუმცა, მომწონს მებრძოლები, რომლებსაც ტექნიკური სტრაიკინგი არ აქვთ, მაგრამ რაც აქვთ, იმას ძალიან კარგად იყენებენ. მაგალითად, შეგვიძლია, დრიკუს დუ პლესი მოვიყვანოთ.
თოფურიას დიდი გულშემატკივარი ვარ. ტექნიკურობის მხრივ, ილია ძალიან მაგარია. ოლივეირაც კარგი მებრძოლია. ჩარლზს ძლიერი ფეხები და იდაყვები აქვს და მათი ჩხუბი საინტერესო სწორედ ამიტომაა“.
ცნობისთვის, ჰუფტი ყოფილი კიკბოქსერია და ორმაგად დასაფასებელია, რომ ის საუკეთესოდ თოფურიას ასახელებს. გეტყვით იმასაც, რომ მას ვიტორ ბელფორტთან, რაშად ევანსთან, ენტონი ჯონსონთან, ედი ალვარესთან, რობი ლოულერთან, დერეკ ბრანსონთან, ჯეიკ შილდსთან და სხვა ცნობილ მებრძოლებთანაც უმუშავია.