„სამი წელი და არა სამი ბრძოლა“ - შესწორება მახაჩევის გეგმებზე
ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ დაღესტნელი მებრძოლი UFC-ში სავარაუდოდ კიდევ სამ ბრძოლას გამართავს, რის შემდეგაც კარიერის დასრულებაზე სრული სერიოზულობით დაფიქრდება. რამდენად შეეფერება სიმართლეს მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება, ამის გადამოწმება ჟურნალისტებმა ისლამის მენეჯერთან ალი აბდელაზიზთან გადაწყვიტეს, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„არ ვიცი მენდესმა რატომ გააკეთა ასეთი შეფასება. უბრალოდ გეტყვით, რომ ისლამი ოქტაგონზე კიდევ სამ ბრძოლას კი არა ჩაატარებს, არამედ კიდევ სამი წლით დარჩება, რაც როგორც მინიმუმ 7 ბრძოლას მაინც ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ მახაჩევი ფორმის პიკზე გადის და არ აპირებს უარი თქვას კარიერის საუკეთესო წლებზე, რომლის დროსაც მას კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე ასვლა შეეძლება“.
ცნობისათვის, უკვე გადაწყვეტილია, რომ მსუბუქიდან ქვესაშუალო წონაში ასული ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება და ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირება 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.