შტუტგარტის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა
შტუტგარტის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი უგო გრენიეს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 2:6 7:6 6:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
პირველ სეტში ფრანგი აქტიურობდა და ქართველი ჩოგბურთელის 2 ჩაწოდება მოიგო, რაც სეტის შედეგზე ნათლად აისახა.
მეორე სეტი მთლიანად განსხვავებული აღმოჩნდა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლები იყვნენ და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა უკეთ იასპარეზა და 13:11 მოიგო.
დისაიდერში ნიკოლოზმა სრული უპირატესობა მოიგო. პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, ხოლო მეხუთე გეიმში მეორე ბრეიკი მიითვალა და ყველანაირი კითხვის ნიშანი მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებს. შტუტგარტის კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილი რეიტინგის 92-ე ნომერს, ჯეიმს დაქვორთს დაუპირისპირდება.