ქვილითაიამ ისევ გაიტანა | მექვაბიშვილის კრაიოვამ გულიაშვილის სარაევოს მოუგო
გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ბოსნიური კლუბი ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას“ დაუპირისპირდა და განმეორებითი შეხვედრა 0:4 წააგო, ორი მატჩის ჯამში კი 2:5 დამარცხდა.
გულიაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 0:0-ზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო. გიორგი საგოლე გადაცემასთანაც ახლოს იყო, თუმცა „სარაევო“ მოედნიდან უგოლოდ გავიდა. რუმინელებმა ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, რაც შეეხება მექვაბიშვილს, ანზორი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს გიორგი ქვილითაიას „არისი“. მეორე რაუნდში კვიპროსულმა გუნდმა „პუშკაშ აკადემიას“ აჯობა. „არისმა“ პირველი თამაში 3:2 მოიგო, სტუმრად კი 2:0 იმარჯვა. კვიპროსელთა წარმატებაში წვლილი ქვილითაიამაც შეიტანა, რომელმაც ანგარიში 77-ე წუთზე გახსნა.
„კრაიოვას“ მომდევნო მეტოქე გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავაა“. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ჰიბერნიანსს“ შანსი არ დაუტოვა და 7:2 გაანადგურა. მოისწრაფიშვილი მეორე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. „არისი“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ბერძნულ „აეკს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ჰაპოელ ბეერ შევას“ აჯობა.