ბაიერნთან ვერ ითამაშებს | ზივზივაძე 2026 წლის დასაწყისში დაბრუნდება
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ მომდევნო შეხვედრა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერთან — „ბაიერნთან“ ელის. „რეკორდმაისტერთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა ზივზივაძეზე ისაუბრა.
ქართველ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს. დაზიანების გამო ბუდუმ „უნიონ ბერლინთან“, „ფრაიბურგთან“ და „ზანქტ პაულთან“ გამართული მატჩები გამოტოვა და შმიდტის თქმით, „ბაიერნთანაც“ ვერ ითამაშებს.
„ზივზივაძე გუნდს ვერ დაეხმარება. ველოდებით, რომ ბუდუ 2026 წლის დასაწყისისთვის მზად იქნება“, — განაცხადა შმიდტმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 14 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 11 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. ბუდუს გუნდი ბოლოადგილოსან „მაინცს“ 4 ქულით უსწრებს, ხოლო მე-15 პოზიციაზე მყოფ „აუგსბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მან ტრავმა 22 ნოემბერს, „გლადბახთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო.